ახლო აღმოსავლეთში ვითარება ისევ რთულია. აშშ-ში აცხადებენ, რომ ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ ფარგლებში, ირანში 6000 სამიზნეს დაარტყეს, მათ შორის დააზიანეს და გაანადგურეს დაახლოებით 60 გემი და 30 ხომალდი. წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების ცნობით, აშშ-ისრაელის თავდასხმების შედეგად, ირანში 20 000-ზე მეტი სამოქალაქო ობიექტი დაზიანდა.
ისრაელმა როგორც ირანის, ასევე ლიბანის წინააღმდეგ დარტყმების ახალი ტალღა დაიწყო – ლიბანში ისრაელის სამიზნე იყო დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ობიექტები. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვმა 687-ს მიაღწია. მათ შორის 98 ბავშვი და 62 ქალია. ოფიციალური პირების თქმით, დაშავდა 1 774 ადამიანი, მათ შორის 304 ბავშვი და 328 ქალი.
პარალელურად, ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა. შედეგად, ათობით ადამიანი დაშავდა და რამდენიმე შენობა დაზიანდა. ღამით ერაყში აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. აღნიშნულზე პასუხისმგებლობა ირანის მიერ მხარდაჭერილმა ერაყულმა დაჯგუფებამ, „ერაყის ისლამურმა წინააღმდეგობამ“ აიღო.