ვითარება ახლო აღმოსავლეთში
ირანის წინააღმდეგ მიმდინარე აშშ-სა და ისრაელის ერთობლივი სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან ერთი კვირის თავზე დონალდ ტრამპი აშშ-ის ჯარების ირანში განლაგებას განიხილავს, – ამის შესახებ „ენბისი ნიუსი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, თუმცა თეთრი სახლის პრესსპიკერი უარყოფს. იქამდე კი ტრამპი ისლამურ რესპუბლიკაში ახალ სამიზნეებს ემუქრება: „დღეს ირანს ძალიან მძიმე დარტყმას მიაყენებენ. განიხილება სრული განადგურება იმ ტერიტორიებისა და ადამიანთა ჯგუფების, რომლებიც ამ მომენტამდე სამიზნეებად არ მოიაზრებოდნენ“, – ასეთია აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის გზავნილი.
მეზობელი ქვეყნების დაბომბვის შემდეგ, ირანის პრეზიდენტი მათ ბოდიშს უხდის და ირწმუნება, რომ მეზობლებს თავს არ დაესხმებიან, თუ ისინი თვითონ არ გააკეთებენ ამას ირანის წინააღმდეგ. ამ მიმართვამდე კი ირანული უპილოტო საფრენი აპარატები მოიგერიეს კატარში, დრონი ჩამოვარდა დუბაის საერთაშორისო აეროპორტთანაც. გარდა ამისა, მორიგი სარაკეტო შეტევა განხორციელდა ისრაელის წინააღმდეგ – ღამის განმავლობაში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული თელ-ავივსა და იერუსალიმში. „ირანი არასდროს დანებდება, ისინი ჩვენი უპირობო დანებების შესახებ ოცნებებს საფლავში წაიღებენ“, – განაცხადა ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა.
„ლომის ღრიალისა“ და „ეპიკური მრისხანების“ ერთი კვირა ირანსა და რეგიონში – თიკა მიგინეიშვილი გვიერთდება „მოამბის“ პირდაპირ ეთერში.