უკვე ერთი კვირაა, ახლო აღმოსავლეთში ვითარება დაძაბულია – ისრაელმა ირანის მიმართულებით ახალი დარტყმები განახორციელა. მათ შორის დაიბომბა ქვეყნის მთავარი შიდა აეროპორტი – მეჰრაბადი. ამასთან, ისრაელის არმიამ გასულ ღამეს „ფართომასშტაბიანი შეტევების ახალი ტალღა“ გამოაცხადა. ირანის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ირანზე თავდასხმების შედეგად დაღუპულთა შორის 200 არასრულწლოვანია.
პარალელურად, ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლა, თუმცა ისრაელის თავდაცვის სისტემებმა მათი განეიტრალება მოახერხეს. ამასთან, კატარის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ირანმა კატარის მიმართულებით ათი უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა, მათგან ცხრა ჩამოაგდეს, ერთი კი დაუსახლებელ ადგილას დაეცა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ასევე ისრაელმა სამხრეთ ლიბანში გაერო-ს სამშვიდობო მისიის ობიექტზე თავდასხმა განახორციელა. განას შეიარაღებული ძალების ცნობით, მძიმედ დაიჭრა მათი სამი ჯარისკაცი.