ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ირანში სამდღიანი გლოვაა. აღნიშნული ავიაიერიშების დროს ლიკვიდირებული სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ხსოვნის საპატივცემულოდ გამოცხადდა. ამის შემდეგ ჰამენეის დაკრძალავენ. პარალელურად კი, ირანული წყაროების ცნობით, იგეგმება დაბომბვებს გადარჩენილი მისივე ვაჟის, მოთჯაბა ხამენეის არჩევა.

პარალელურად, თეირანზე თავდასხმებს აგრძელებს ისრაელი. თავდაცვის ძალებში განმარტავენ, რომ იერიში მიიტანეს გასამხედროებული დაჯგუფების, „ბასიჯის“ შტაბ-ბინაზე, ასევე რაკეტგამშვებ სისტემებსა და დანადგარებზე. უწყებაში აცხადებენ, რომ ირანის რეჟიმის ინფრასტრუქტურაზე დარტყმები კვლავ გაგრძელდება. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ნებისმიერი ახალი ლიდერი, რომელსაც ირანის ტერორისტული რეჟიმი აირჩევს, მათი სამიზნე იქნება.
ისრაელმა დაიწყო ბეირუთის სამხრეთ უბნების დაბომბვაც, იერიშის დაწყებამდე კი, ამ ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას დაუყოვნებლივი ევაკუაციისკენ მოუწოდა. გავრცელებული ცნობით, დაიღუპა 6 და დაშავდა 8 ადამიანი. დაბომბვებს აგრძელებს ირანიც. კატარის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბალისტიკური რაკეტა დაეცა რეგიონში უმსხვილეს ამერიკულ სამხედრო ბაზას. თუმცა, შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. ირანულმა ძალებმა დაბომბეს აშშ-ს სამხედრო გემი ინდოეთის ოკეანეშიც.