ვითარება ახლო აღმოსავლეთში

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ისრაელის არმიის თავდასხმებს ღაზაში სულ მცირე 310 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახური ავრცელებს. პალესტინური მედიის ცნობით კი, გამთენიისას არაბული ანკლავის სამხრეთით ქალაქ რაფაში განხორციელებული თავდასხმების შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა.

ვრცელდება ცნობები ქალაქ ხან იუნისის დაბომბვის შესახებაც, სადაც ათი ადამიანია გარდაცვლილი. ჯამში, 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზის სექტორში მსხვერპლის რიცხვი 17 500-ს აღწევს. საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაშავებულია 46 ათასზე მეტი ადამიანი.

ისრაელის მთავრობაში აცხადებენ, რომ „ჰამასის“ წინააღმდეგ ომის პირველი ეტაპის დასასრულებლად ისრაელელ სამხედროებს დაახლოებით ერთი თვე სჭირდებათ.