4 ოქტომბრის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა – განიხილეს ევა შაშიაშვილის, გიორგი ჩახუნაშვილისა და კიდევ 13 პირის ეპიზოდი. გამოიკვლიეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები და მოუსმინეს მოწმეებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ორ ექსპერტსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს, რომელსაც საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს. სხდომა ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო, რადგან ადვოკატებმა დააგვიანეს. გიორგი ჭოჭუასა და მერაბ წკრიალაშვილს ამის გამო სასამართლოს უპატივცემულობისთვის 100-100-ლარიანი ჯარიმები დაეკისრათ. პატიმრობაში მყოფებიდან პროცესს მხოლოდ ერთი პირი დაესწრო.
აღნიშნულ პირებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებისა და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად.