ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დატოვა
ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დილით დატოვა. მისი განცხადება შსს-მ გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ: „ეს გადაწყვეტილება ჩემთვის არ იყო იოლი მისაღები. 2011 წლიდან ვიყავი იმ ბრძოლის თანამონაწილე, რომელსაც სათავეში ბატონი ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგა და რომელმაც ჩვენს ქვეყანას გარდამტეხი ცვლილებები მოუტანა. ჩემთვის ძვირფასი და საამაყოა ყველა ის მიღწევა, რომელიც ჩვენს ქვეყანას სამთავრობო გუნდის ხელმძღვანელობით ჰქონდა. აქედან გამომდინარე, ვრჩები ამ გუნდის ერთგული. მომავალშიც, ნებისმიერ დროს, მზად ვარ გვერდში დავუდგე სახელმწიფოსა და მმართველ გუნდს, თუ ამას საჭიროება მოითხოვს. ათ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ვიკავებდი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსისა და ვიცე-პრემიერის თანამდებობებს. რასაკვირველია, ამდენი წლის განმავლობაში უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობებზე ყოფნა ძალიან შრომატევადი საქმეა და დიდ ენერგიას მოითხოვს. დღეს, როდესაც ქვეყანაში მშვიდი ვითარებაა, თავს უფლება მივეცი და გუნდს ვთხოვე თანამდებობის დატოვება, რაც მომცემს იმის საშუალებას, რომ ოჯახს – მეუღლეს, შვილებსა და ახლად შეძენილ შვილიშვილს მეტი დრო დავუთმო,“ – ნათქვამია ვახტანგ გომელაურის მიმართვაში.
ყოფილმა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს. „ვრჩები ჩემი ქვეყნისა და გუნდის ერთგული. ჩემს ქვეყანასა და ხელისუფლებას მშვიდობას, უსაფრთხოებას და ყველა დასახული მიზნის შესრულებას ვუსურვებ.“