უწყება დაკითხვის თაობაზე

ირაკლი ოქრუაშვილს, ნიკა მელიასა და გიგი უგულავას სამართალდამცველების შეკითხვებზე მოუწევთ პასუხის გაცემა. საქმე ეხება 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიებას, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სამართალდამცველებმა ერთ-ერთი მოქალაქის სახლის ეზოდან კუსტარული წესით დამზადებული, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის 12 ბოთლი და მისი დამზადებისთვის საჭირო მასალები ამოიღეს. დაკავებულია ერთი პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის მაშინ აიყვანეს, როდესაც იგი ასაფეთქებელი მასალების პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გამოყენებას გეგმავდა.

ამ საქმესთან დაკავშირებით, გამოკითხვაზე უკვე დაიბარეს ირაკლი ოქრუაშვილი. ის ამბობს, რომ გამოძიების შეკითხვებს პასუხებს მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გასცემს. გამოკითხვაზე მისვლა მოუწევთ კიდევ ორი ოპოზიციური პარტიის ლიდერსაც.

ამ დროის ინფორმაციით, ნიკა მელია და გიგი უგულავა შინაგან საქმეთა სამინისტროში მისვლას არ აპირებენ და, სავარაუდოდ, ისინიც მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვას მოითხოვენ.