უთანხმოება საფრანგეთსა და აშშ-ს შორის

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საფრანგეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები უპრეცედენტოდ იძაბება – ისტორიაში პირველად საფრანგეთის ელჩი ვაშინგტონს ტოვებს. პარიზმა დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი გაიწვია ავსტრალიიდანაც.

საფრანგეთის მთავრობის პროტესტი აშშ-ს, ავსტრალიისა და დიდი ბრიტანეთის მიერ გაფორმებულ უსაფრთხოების პაქტს უკავშირდება. როგორც საერთაშორისო მიმომხილველები ამბობენ, სამი ქვეყნის შეთანხმება, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში თანამშრომლობის გაღრმავების გარდა, ჩინეთის შეკავებას ისახავს მიზნად.

ამ ამოცანის შესასრულებლად აშშ ავსტრალიას ბირთვული წყალქვეშა ნავების ტექნოლოგიას გადასცემს. შედეგად კი კანბერამ პარიზთან გაფორმებული 37 მილიარდ ევროდ შეფასებული კონტრაქტი გაწყვიტა. ამ ნაბიჯს პარიზში „ზურგში დანის ჩარტყმა“ უწოდეს. აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის შეთანხმება სიურპრიზი აღმოჩნდა ევროკავშირისთვისაც, რომელიც უკვე განიხილავს საკუთარი, ავტონომიური სამხედრო შესაძლებლობების განვითარებას.