იავოროვსკის პოლიგონზე სარაკეტო თავდასხმას უკრაინის თავდაცვის მინისტრი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ეხმაურება და დასავლეთს ისევ „ცის ჩაკეტვისკენ“ მოუწოდებს. რუსეთმა იერიში მიიტანა სამშვიდობო და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრზე ლვოვის მახლობლად. იქ მუშაობენ უცხოელი ინსტრუქტორები, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. „ეს არის ახალი ტერორისტული თავდასხმა მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე, ევროკავშირისა და ნატო-ს საზღვრის მახლობლად. ამის შესაჩერებლად, სასწრაფოდ ზომების მიღებაა აუცილებელი, „დახურეთ ცა“ – წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი „ტვიტერში“. შეგახსენებთ, რომ იავოროვსკის პოლიგონზე სარაკეტო შეტევისას, ამ დროის მონაცემებით, 134 ადამიანი დაშავდა, გარდაიცვალა 35 პირი.