უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მოუწოდებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მისიას და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ რაც შეიძლება სწრაფად ჩავიდნენ ბუჩაში და კიევის მახლობლად სხვა სოფლებში და მოაგროვონ რუსების მიერ სამხედრო დანაშაულის დამამტკიცებელი მასალა. დმიტრო კულებას თქმით, ეს მტკიცებულებები საერთაშორისო სასამართლოებში იქნება გამოყენებული, რათა ამ სისასტიკის ჩამდენები აუცილებლად დაისაჯონ.
უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ცხედრების ძიება ჯერ კიდევ გრძელდება, დაღუპულთა რიცხვი უკვე რამდენიმე ასეულს აღწევს. „თუ მანამდე ვამბობდი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი, რათა სამხედრო დამნაშავეები დასჯილიყვნენ, ახლა დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩემი ცხოვრების საქმე იქნება, რომელსაც უკანასკნელ ამოსუნთქვამდე გავაკეთებ. იქამდე, ვიდრე ისინი პასუხს არ აგებენ“, – განაცხადა კულებამ, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსეთი უკვე ტერორისტულ ორგანიზაცია „აისისზე“ უარესია.