უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა

„მსოფლიომ უნდა შეაჩეროს ომი, მადლიერი ვარ მათი, ვინც უკრაინის მხარდასაჭერად მოქმედებს, თუმცა უკვე ერთი თვეა ომია და მშვიდობიანი ხალხის წინააღმდეგ ტერორი გრძელდება“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა მორიგ ვიდეომიმართვაში. ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთს მოუწოდა, აჩვენონ საკუთარი პოზიცია უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, რადგან მისი სიტყვებით, „უკრაინის მიწები მხოლოდ დასაწყისია“. პრეზიდენტის თქმით, დღეს ბრიუსელში სამი მნიშვნელოვანი სამიტი ჩატარდება და ის მნიშვნელოვანია თითოეულის უსაფრთხოებისთვის, მათგან სერიოზულ ნაბიჯებს ველით – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მიმართა ასევე რუსეთის მოქალაქეებს და აღნიშნა, რომ რუსეთი საკუთარი მოქალაქეების დანარჩენი მსოფლიოსგან იზოლირებას ახდენს, რათა უფრო მარტივად გააკონტროლოს ისინი და გაუშვას ომში.