უკრაინის მისწრაფება NATO-ში – საფრთხე კრემლისთვის
ის, რაც კიევისთვის ომის დასრულებისა და უსაფრთხოების გარანტიის ერთადერთი გზა შეიძლება იყოს, მოსკოვისთვის მთავარ „წითელ ხაზად“ რჩება. ალიანსის შესაძლო გაფართოებას კრემლი პირდაპირ საფრთხედ აღიქვამს, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში მიმდინარე აგრესიის მთავარ მიზეზად სწორედ ოფიციალური კიევის ნატო-ში გაწევრების მისწრაფებას ასახელებს.
ამ მკაცრი რიტორიკისა და ფრონტის ხაზზე მძიმე ბრძოლების პარალელურად, დიპლომატიური არხები მაინც აქტიურდება. ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინთან პირდაპირი შეხვედრის მზაობას გამოთქვამს, თუმცა, ამის შესაძლებლობა დიდწილად საერთაშორისო სამიტების ფორმატზეა დამოკიდებული, სადაც კრემლის ლიდერის მონაწილეობა ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
მშვიდობის კონტურების ძიებაში განსაკუთრებით აქტიურდება ვაშინგტონიც. ჯარედ კუშნერისა და სტივ ვიტკოფის ვიზიტებმა კიევსა და მოსკოვში აჩვენა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კონფლიქტის მოგვარების ალტერნატიულ არხებს იყენებს. თავად ტრამპი კი ამბობს, რომ მხარეებს შორის პოზიციების დაახლოება რთულია, თუმცა, შესაძლებელი.
სანამ დიპლომატები და სპეციალური წარმომადგენლები მოლაპარაკებების მაგიდასთან პოზიციებს ათანხმებენ, უკრაინული ქალაქების დაბომბვა არ წყდება, იერიშები და აფეთქებების სერია გრძელდება რუსეთის ტერიტორიაზეც.