უკრაინის განათლების მინისტრის წერილი
უკრაინის განათლების მინისტრი ქართველ კოლეგას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. ანდრი ბუტენკო გივი მიქანაძისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნავს:
„წელს უკრაინელ აბიტურიენტებს, რომლებიც ომის გამო იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ უკრაინა, შესაძლებლობა მიეცათ, უკრაინის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვისთვის განკუთვნილი გამოცდები მსოფლიოს 32 ქვეყანაში ჩაებარებინათ. განსაკუთრებულ მადლობას გიხდით ყოვლისმომცველი მხარდაჭერისთვის. თქვენი ეფექტიანი და შესანიშნავად ორგანიზებული საგამოცდო პროცესის წყალობით, უკრაინელ ახალგაზრდებს მიეცათ სწავლის გაგრძელებისა და უკრაინაში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის შესაძლებლობა. თქვენი სოლიდარობა მხოლოდ ორგანიზაციული დახმარება არ არის – ეს მნიშვნელოვანი წვლილია უკრაინის ინტელექტუალური პოტენციალის შენარჩუნებასა და ქვეყნის სამომავლო აღდგენაში. ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ! გმადლობთ სოლიდარობისა და საიმედო მხარდაჭერისთვის“, – ნათქვამია ოფიციალურ წერილში, რომელსაც საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს.