უკრაინელი მაღალჩინოსნების რიტორიკა საქართველოზე

უკრაინიდან მუქარისშემცველი რიტორიკა არ წყდება. ქართული პოლიტიკური სპექტრის ყურადღების ცენტრში ამჯერადაც დავით არახამია მოექცა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული განცხადებებით ყველაზე მეტად აქტიურობს. მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ ლიდერებს აგვისტოს ომის შესახებ რიტორიკას უწუნებს.

უკრაინელი მაღალჩინოსანი ომიდან 14 წლისთავზე გაკეთებულ კომენტარებში რუსეთის მიმართ შიშს და მასთან თანამშრომლობის სურვილს ხედავს. როგორც ჩანს, არახამია იმ რეაქციებმაც გააღიზიანა, რომელიც მისთვის დიპლომატიური პასპორტის გაუქმებას საქართველოში მოჰყვა. წინა გზავნილების მსგავსად, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელის გამოსვლაში ამჯერადაც ფიგურირებს სანქციების თემა, რომლითაც ის უკვე რამდენჯერმე დაიმუქრა. დავით არახამიას იმედი აქვს, რომ ევროკავშირის მიერ მიღებული სანქციების მომდევნო პაკეტში, ქართველი პოლიტიკოსებიც მოხვდებიან. ისევე, როგორც წინა შემთხვევებში, ოპოზიციის ნაწილი უკრაინის მაღალი თანამდებობის პირის კრიტიკულ გზავნილს სრულად იზიარებს.