უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმები გრძელდება

უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმები გრძელდება – აფეთქებების ხმა ისმის ხარკოვში. ღამით დაბომბეს ქალაქი ნიკოპოლიც, გავრცელებული ცნობით, ქალაქის მიმართულებით 100-მდე ჭურვი გაუშვეს. დაღუპულია ერთი და დაშავებულია კიდევ ერთი პირი. ასევე, დნეტროპეტროვსკის ოლქში სამი დასახლება დაბომბეს. დაშავებულია რვა ადამიანი.

გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ოთხ საკვანძო მიმართულებაზე რუსების შტურმი მოიგერიეს. ცეცხლის ქვეშ მოჰყვა ათობით დასახლებული პუნქტი. ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის შეფასებით, რუსულმა ძალებმა ვერ შეძლეს, გაეზარდათ წინსვლის ტემპი. ასევე, ვერ მოახერხეს სევერსკის გარშემო სიმაღლეების აღება და დიდი ალბათობით, ვეღარ შეძლებენ სევერსკისა და ბახმუტის დაკავებას. ინსტიტუტი ასევე ყურადღებას ამახვილებს სამხრეთის მიმართულებით, ანდრეევკასა და ლოზოვზე განხორციელებულ წარუმატებელ თავდასხმებზე.