უკრაინაზე საჰაერო იერიშები გრძელდება

უკრაინაზე საჰაერო იერიშები გრძელდება. ოკუპანტებმა ლვოვის ოლქში პოლონეთის საზღვართან, სამხედრო ინფრასტრუქტურა დაბომბეს. ინფორმაციას ლვოვის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს. მაქსიმ კოზიცკის თქმით, ამოქმედდა საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელმაც სამი ფრთოსანი რაკეტა გაანადგურა. მოჰყვა თუ არა იერიშს ნგრევა, ჯერჯერობით უცნობია. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ოკუპანტების მთავარ სამიზნედ რჩება სევეროდონეცკი და დონბასის სხვა ქალაქები. უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს თავისი ხალხისა და მიწის დასაცავად. ამასთან, უკრაინის გენშტაბის ცნობით, სევეროდონეცკის მიმართულებით, მოწინააღმდეგემ საბრძოლო მოქმედებების დროს დანაკარგები განიცადა და უკან დაიხია. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ ბოლო დღე-ღამეში, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში, რუსეთის დაბომბვების შედეგად, 20 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ერთი ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.