უკრაინაში ომის დაწყებიდან სამი წელი გავიდა. ქვეყანაზე რუსეთის თავდასხმები გრძელდება. „წინააღმდეგობის სამი წელი“ – ასე ეხმაურება ვოლოდიმირ ზელენსკი თარიღს და სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს. ზელენსკი ასევე წერს, რომ ის ამაყობს უკრაინით და მადლობას უხდის ყველას, ვინც იცავს და მხარს უჭერს მას. ყველას, ვინც უკრაინისთვის მუშაობს.
2022 წლის 24 თებერვალს პუტინმა რუსეთის მოსახლეობას მიმართა და აცნობა, რომ უკრაინის დონბასის რეგიონში, როგორც თავად მოიხსენიებს, სპეციალურ სამხედრო ოპერაციას იწყებდა. მანამდე, 21 თებერვალს პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარა.
CNN წერს, რომ ომის დაწყების დღეს არსებობდა მოლოდინი, რომ რუსეთი კიევს რამდენიმე დღეში აიღებდა, თუმცა, უკრაინის კონტრშეტევის წყალობით, ბრძოლა უკვე სამი წელია გრძელდება. ომის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ, უკრაინაში ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე არის დაღუპული. CNN წერს, რომ ამ პერიოდში უკრაინამ ტერიტორიების 11 პროცენტი დაკარგა. მილიონობით ადამიანი იძულებით არის გადაადგილებული, უკრაინული ქალაქები და სოფლები კი ნანგრევებადაა ქცეული.
რაც შეეხება რუსეთის დანაკარგებს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უახლესი მონაცემებით, რუსეთმა 2022 წლის 24 თებერვლიდან უკრაინაში 850,000-ზე მეტი სამხედრო დაკარგა, ეს რიცხვი მოიცავს მოკლულებს, დაჭრილებს, უგზო-უკვლოდ დაკარგულებსა და ტყვედ ჩავარდნილებს. რუსეთმა ბოლოს 2022 წლის სექტემბერში გამოაქვეყნა მონაცემები სამხედრო დანაკარგების შესახებ, როდესაც კრემლმა განაცხადა, რომ უკრაინაში ბრძოლებში მხოლოდ 5,937 კაცი დაიღუპა.