უკრაინაში მიმდინარე ომის ხუთი თვე

ომიდან ხუთი თვის შემდეგ, უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონები საომარი მოქმედებების ეპიცენტრშია. ბრიტანული დაზვერვის ცნობით, რუსეთის არმია მნიშვნელოვანი უპირატესობის მიღწევას ვერ ახერხებს. უკრაინული მხარის მონაცემებით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა დასავლეთიდან მიღებული შეიარაღებით რუსების საბრძოლო მასალებით სავსე 50 საწყობი გაანადგურეს. თავის მხრივ, კრემლში ირწმუნებიან, რომ მათი სარაკეტო იერიშების სამიზნე დასავლეთის მიერ უკრაინაში ჩატანილი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები გახდა.

პარალელურად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კრემლის მთავარ ამოცანად პრეზიდენტ ზელენსკის მთავრობის დამხობას ასახელებს. რუსი ოკუპანტების მიერ ოდესის პორტის დაბომბვის შემდეგ, რუსეთის შეჭრის საფრთხეზე კვლავ ალაპარაკდნენ მოლდოვაში. კითხვის ნიშნის ქვეშ დგება უკრაინული ხორბლის ექსპორტთან დაკავშირებული შეთანხმების რეალიზაციაც.