უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, დავით მენაბდიშვილი საგვარეულო სასაფლაოზე ​სამხედრო პატივით დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი დილიდან  რუსთავის სიონის ტაძარში გაიმართა. დაღუპული ქართველი მებრძოლის ხსოვნას, ოჯახის წევრებთან ერთად, საზოგადოების წევრებმა და პოლიტიკოსებმა მიაგეს პატივი. ქართველი მებრძოლი, დავით მენაბდიშვილი 9 აპრილს უკრაინაში, ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმის მახლობლად, შეტაკების დროს ქართველ მებრძოლთან, ნიკა შანავასთან ერთად დაიღუპა.

დავით მენაბდიშვილი და ნიკა შანავა სამშობლოში 15 აპრილს ჩამოასვენეს. მოქალაქეები დაღუპულთა ჩამოსვენებას სანთლებით, ასევე საქართველოსა და უკრაინის დროშებით დახვდნენ. დავით მენაბდიშვილი და ნიკა შანავა აეროპორტიდან საქართველოსა და უკრაინის ჰიმნების ფონზე გამოასვენეს.

21 წლის ნიკა შანავას საგვარეულო სასაფლაოზე, ასევე სამხედრო პატივით ხვალ დაკრძალავენ.