უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები

უკრაინაში დაღუპულ სამ ქართველ მებრძოლს, სავარაუდოდ ოთხ დღეში ჩამოასვენებენ საქართველოში. უკრაინაში საქართველოს ელჩის ინფორმაციით, შესაბამისი პროცედურები უკვე დაწყებულია. არსებული ინფორმაციით, დაღუპული მებრძოლების ცხედრებს მისი თანამებრძოლები შემთხვევის ადგილიდან კიევში გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება და სწორედ ამის შემდეგ მოხდება მათი საქართველოში ჩამოსვენება. საბრძოლო მოქმედებების ზონაში, გუშინ ზაზა ბიწაძე, არკადი კასრაძე და ალექსანდრე ცაავა დაიღუპნენ, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ზურაბ მუშუკია კი თავის არეში დაიჭრა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ალექსანდრე ცაავა 2008 წლის აგვისტოს ომშიც იბრძოდა რუსეთის საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ, 2008 წლის აგვისტოს ომში იბრძოდა ასევე არკადი კასრაძეც, რომელიც უკრაინაში 2 მარტს ჩავიდა.