უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები

ამ დრომდე უცნობია ზუსტი თარიღი, როდის მოხერხდება უკრაინაში დაღუპული კიდევ ორი ქართველი მებრძოლის გადმოსვენება. მათი თანამებრძოლის, ერთ-ერთი ქართველი სამხედროს ინფორმაციით, შესაბამისი პროცედურები უკვე დაწყებულია. ნადიმ ხმალაძე პირველ არხთან საუბარში ამბობს, რომ ზურაბ შანავასა და დავით მენაბდიშვილის ცხედრები შეტაკების ადგილიდან უკვე გამოიყვანეს. ისინი გუშინ, ხარკოვის ოლქში, იზიუმთან შეტაკებისას რუსმა ოკუპანტებმა მოკლეს. რაც შეეხება ოთხ ქართველ მებრძოლს, რომლებიც დაჭრილები არიან, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის, თანამებრძოლების ინფორმაციით, სტაბილურია და ისინი უსაფრთხო ტერიტორიაზე არიან. უკრაინაში საქართველოს ელჩის ცნობით, დაშავებულები კლინიკაში იმყოფებიან. რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომიდან დღემდე, ექვსი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. მარიუპოლში გარდაცვლილი მებრძოლის, ბახვა ჩიქობავას გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება.