უკრაინაში დაღუპული ქართველი ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, ალუდა ზვიადაური დღეს სამშობლოში ჩამოასვენეს. მის ცხედარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახლობლები, მოქალაქეები და სამოქალაქო აქტივისტები დახვდნენ. მის ცხედარს ჯერ ქაშუეთში გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება, შემდეგ კი სამხედრო პატივით საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ალუდა ზვიადაური, უკრაინაში მებრძოლი ქართველების ცნობით, მაშინ დაიღუპა, როდესაც მას დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცი გამოჰყავდა, რა დროსაც ზურგში ესროლეს. საბრძოლო მოქმედებების დაწყების დღიდან, უკრაინაში 16 ქართველი მებრძოლია დაღუპული.