უკრაინაში დაგეგმილი ვიზიტი - პოლიტიკური შეფასებები

უკრაინაში გასამგზავრებელი საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაზე ხელისუფლება და ოპოზიცია ვერ თანხმდება.

მმართველი პარტიის და ოპოზიციის ლიდერები მხარდაჭერის გამოსახატად და სამძიმრის სათქმელად კიევში, სავარაუდოდ, ცალ-ცალკე გაემგზავრებიან. თავდაპირველად „ქართული ოცნება“ საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს განიხილავდა, თუმცა უკრაინის რადას თავმჯდომარის გუშინდელმა ინტერვიუმ და ქართველ კოლეგასთან პირადმა კომუნიკაციამ მოცემულობა შეცვალა. შალვა პაპუაშვილი მზად არის, უკრაინის დედაქალაქში თავად ჩავიდეს და მხარდაჭერის და სოლიდარობის გარდა, პირდაპირი კომუნიკაციით მოაგვაროს ყველა ის პრობლემური საკითხი, რომელიც ბოლო პერიოდში ორი ქვეყნის ურთიერთობაში გაჩნდა. მმართველი გუნდი პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაციაში ადგილებს ოპოზიციასაც სთავაზობს, თუმცა როგორც ოპონენტები ამტკიცებენ, არის სელექციის მცდელობა, რასაც არ ეთანხმებიან. დაპირისპირება პარლამენტის კედლებს გასცდა. საპარლამენტო დელეგაციაში ყოფნის სურვილის გამო ოპოზიციის ნაწილი გიგა ბოკერიას და ელენე ხოშტარიას მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა. საერთო დელეგაციის თემამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია „ნაციონალურ მოძრაობაშიც“.