უკრაინამ და აშშ-მა სასარგებლო წიაღისეულზე შეთანხმებას მიაღწიეს

უკრაინამ და ამერიკამ მინერალური რესურსების მოპოვების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ინფორმაციას „ფაინენშელ თაიმსი“ უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემას წყაროებმა განუცხადეს, რომ მხარეები შეთანხმდნენ „გაცილებით უფრო ხელსაყრელ პირობებზე“ მინერალური რესურსების შეთანხმების ფარგლებში და მიიჩნევენ, რომ ეს შეთანხმება აშშ-სთან ურთიერთობების გაფართოების საშუალებაა.

შეთანხმების საბოლოო ვერსია, რომელიც „ფაინენშელ თაიმსმა“ მოიპოვა და 24 თებერვლით არის დათარიღებული, ითვალისწინებს ფონდის შექმნას, რომელშიც უკრაინა გადარიცხავს შემოსავლების 50%-ს მინერალური რესურსებისგან, მათ შორის ნავთობისა და გაზისგან, ასევე მათთან დაკავშირებული ლოგისტიკიდან. შეთანხმება არ შეეხება იმ მინერალურ რესურსებს, რომლებიც უკვე ავსებენ უკრაინის სახელმწიფო ხაზინას, ანუ არ გავრცელდება „ნაფტოგაზისა“ და „უკრანაფტას“ მიმდინარე საქმიანობაზე.

ასევე, „ფაინენშელ თაიმსის“ ცნობით, შეთანხმებული პროექტიდან ამოღებულია დებულება „აღდგენის ფონდის“ შექმნის შესახებ, სადაც უკრაინას უნდა გადაერიცხა მინერალური რესურსების მოპოვებიდან მიღებული შემოსავლების 50% და რომელშიც აშშ-ს „100%-იანი ფინანსური მონაწილეობა“ ექნებოდა. როგორც გამოცემა წერს, შეთანხმებაში არ არის არცერთი მითითება აშშ-ის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიებზე, რასაც თავდაპირველად მოითხოვდა კიევი შეთანხმებაზე თანხმობის სანაცვლოდ.

„ფაინენშელ თაიმსის“ ინფორმაციით, შეთანხმებაში ასევე არაა დაზუსტებული ისეთი საკითხები, როგორიცაა აშშ-ის წილის ოდენობა ფონდში და „ერთობლივი მფლობელობის“ შესახებ შეთანხმებების პირობები. მოგვიანებით დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი მიმდინარე კვირის ბოლოს ვაშინგტონში აპირებს ვიზიტს მინერალების შესახებ შეთანხმების ხელმოსაწერად.
ტრამპი, აცხადებს, რომ მინერალების შესახებ გარიგების სანაცვლოდ, უკრაინა მიიღებს „ბრძოლის უფლებას“.