უკრაინა თანახმაა 30-დღიან ზავზე

უკრაინა მზად არის, ცეცხლი 12 მაისიდან 30 დღის განმავლობაში შეწყვიტოს. ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ავრცელებს. ამ განცხადებას წინ უძღოდა კიევში ევროპელი ლიდერების შეხვედრა ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის წარმომადგენლებმა ზელენსკისთან ერთად რუსეთ-უკრაინის ომში სწორედ ცეცხლის შეწყვეტის გეგმები განიხილეს. შეხვედრის შემდეგ ლიდერებმა ერთობლივი პოზიციაც დააფიქსირეს – „სრული და უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა“. ამ ინიციატივას მხარდაჭერა გამოუცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. მისი განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევაში, ევროკავშირი მზად არის, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი მკაცრი სანქციები დააწესოს. ანალოგიური პოზიცია აქვს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსაც.