უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები

„ფაინენშალ თაიმსი“ იუწყება, რომ უკრაინამ და რუსეთმა მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს. გამოცემის ცნობით,  წინასწარი 15-პუნქტიანი გეგმით, ცეცხლის შეწყვეტა და რუსეთის ჯარის გაყვანა მოხდება, თუ კიევი გამოაცხადებს ნეიტრალიტეტს და დათანხმდება შეიარაღებული ძალების შეზღუდვას. სანაცვლოდ კი, მოკავშირეები უკრაინის დაცვის გარანტიას აიღებენ, მათ შორის აშშ, დიდი ბრიტანეთი და თურქეთი. უკრაინული მხარე „ფაინენშალ თაიმსის“ ინფორმაციას მცდარს უწოდებს. როგორც პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, გამოცემის მიერ რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ცნობები, მხოლოდ რუსეთის მოთხოვნებს ასახავს. უკრაინას აქვს საკუთარი პოზიცია. ერთადერთი, რასაც ვადასტურებთ ამ ეტაპზე, არის „ცეცხლის შეწყვეტა, რუსული სამხედროების გაყვანა და უსაფრთხოების გარანტიები რამდენიმე ქვეყნისგან“, – წერს პოდოლიაკი. მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმაც.