უკანონო იარაღის ამოღება

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტები – შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, თბილისის, კახეთის, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – სულ დაკავებულია 12 პირი.

დანაშაულები ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, ავტომობილებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად – პისტოლეტები, რევოლვერები, ავტომატი, სანადირო თოფი, მჭიდები, ვაზნები და მაყუჩი ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს.