შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ერთი კვირის განმავლობაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 11 პირი. სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი საცხოვრებელი სახლების, ავტომანქანებისა და საკარმიდამო ეზოს ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, პისტოლეტები, რევოლვერები, სანადირო თოფი, მჭიდები, ვაზნები და ასევე, ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. დანაშაულები 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.