იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს განიხილავენ. ცვლილებებზე მეორე მოსმენით იმსჯელებენ. დოკუმენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი „ფარა“-ს ზუსტი თარგმანია. კანონპროექტის მიხედვით, ანტიკორუფციულ ბიუროში დოკუმენტების წარდგენის ვალდებულება უცხოური დაფინანსების მიმღებ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ექნებათ.
ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის მსგავსად, საქართველოშიც კანონის ნებისმიერი მუხლის დარღვევა განისაზღვრება 5 000 ლარამდე ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ექვს თვემდე ვადით. ის კი, ვინც რეგისტრაციას თავს აარიდებს, 10 000 ლარით დაჯარიმდება ან ხუთ წლამდე პატიმრობას შეუფარდებენ. კანონის აღსრულებასა და კონტროლზე პასუხისმგებელი ანტიკორუფციული ბიურო იქნება, რომელმაც ექვს თვეში ერთხელ ანგარიში პარლამენტს უნდა წარუდგინოს.