ტყიბულში დაკავებულ შვიდივე პირს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

ტყიბულში დაკავებულ შვიდივე პირს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. აქედან ექვსი მინდელის სახელობის შახტის თანამშრომელია გამოძიება მათ უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავება. საუბარია შახტში 5 აპრილს მომხდარ ტრაგედიაზე, რა დროსაც დაიღუპა ექვსი და დაშავდა ორი მეშახტე.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები ფლობდნენ ინფორმაციას, რომ შახტის ამ მონაკვეთზე არ იყო დაცული უსაფრთხოების ნორმები, მაგრამ მათ მაინც დაიწყეს სამუშაოები. ქვანახშირის მოპოვების დროს განხორციელებულმა აფეთქებამ კი გამოიწვია შახტის ჭერის ჩამოშლა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 2-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. კიდევ ერთი პირი სამართალდამცავებმა ასევე უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის დააკავეს.

საუბარია ტყიბულში, ჯალაღანიას ქუჩის მიმდებარედ მდებარე კერძო შახტის მესაკუთრეზე. 2 ივნისს მომხდარი ტრაგედიის შედეგად ამ შახტში 2 მუშა დაიღუპა. დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს ან ხვალ იმსჯელებს.

 

დატოვე კომენტარი