გუშინ, გვიან ღამით „ტვ პირველის“ ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი დააკავეს – შემთხვევა ელბაქიძის დაღმართის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. მისი თანხმლები პირი, ალექსანდრე ვალიაური პირველ არხთან აცხადებს, რომ აქციიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც ათამდე შავნიღბიანი პირი მივიდა მათთან და ლაშა ჯიოშვილი აიყვანეს.
ალექსანდრე ვალიაურის განმარტებით, აღნიშნული პირების იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო. თვითმხილველის თქმით, მან შემთხვევის შესახებ საპატრულო პოლიციას შეატყობინა. მის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელდა ლაშა ჯიოშვილის დაკავების კადრები. მოგვიანებით კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ტვ პირველის“ ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. მას სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
ლაშა ჯიოშვილი ადვოკატმა ღამითვე ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულა, თუმცა, მანამდე რამდენიმე საათის განმავლობაში მისი დაცვის ქვეშ მყოფის ადგილსამყოფელს ვერ ადგენდა. უფლებადამცველის განმარტებით, დაკავების დროს ოპერატორზე რაიმე სახის ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორთან აქციის მონაწილეებიც იმყოფებოდნენ. შეკრებილების თქმით, აპროტესტებდნენ ლაშა ჯიოშვილის დაკავებას.