თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი დღე რჩება

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, პრეზიდენტობის კანდიდატები საკუთარ ამომრჩეველს ხვდებიან. წინასაარჩევნო კამპანიის ბოლო დღეს, ყველა მათგანი საკუთარ მხარდამჭერებს საარჩევნო პროგრამას კიდევ ერთხელ აცნობენ. ამ წუთებში სტამბოლში პრეზიდენტ რეჯებ თაიფ ერდოღანის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, რომელსაც თავად ერდოღანი უძღვება.

პრეზიდენტმა საკუთარ ამომრჩეველს სიტყვით მიმართა. იგი თურქ ხალხს ეკონომიკურ სტაბილურობას და დემოკრატიულ, ძლიერ სახელმწიფოში ცხოვრებას ჰპირდება. რეჯებ თაიფ ერდოღანის მხარდამჭერთა აქციის პარალელურად, მასშტაბურ აქციას მართავს პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი მუჰარემ ინჯე, რომელიც ევროკავშირთან ურთიერთობების განმტკიცების, სეკულარიზმისა და დემოკრატიული პროცესების მომხრე პოლიტიკოსია.