თურქეთი შუამავლის როლში - მოლაპარაკებები ლვოვში

შეხვედრა, რომელმაც შესაძლოა, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების აუდიენციის პერსპექტივა გააჩინოს. ქალაქ ლვოვში მდებარე პოტოცკის სასახლე მოვლენების ეპიცენტრშია. ერთმანეთს უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტები და გაერო-ს გენერალური მდივანი შეხვდნენ. დღის წესრიგის მთავარი თემა ომის დასრულების დიპლომატიური გზების ძიებაა. ბუნებრივია, განიხილეს თვეების განმავლობაში ბლოკადაში მოქცეული უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის საკითხიც, რომლის მოგვარებასა და ბლოკადის მოხსნაში თურქეთმა, როგორც შუამავალმა ქვეყანამ, ცოტა ხნის წინ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. გაერო-ს გენერალური მდივნის მიმართ ზელენსკის მთავარი მოთხოვნა კი უსაფრთხოების დაცვაა რუსი სამხედროების მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში, სადაც დაბომბვების ინტენსივობის გამო, ბირთვული საფრთხე ყოველდღე იზრდება. მედია არ გამორიცხავს, რომ ერდოღანსა და პუტინს შორის ორი კვირის წინ გამართული დიალოგის გათვალისწინებით, დღევანდელი მოლაპარაკებები ზელენსკი-პუტინის აუდიენციის მოსამზადებელ შეხვედრადაც იქცეს.