ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა - გამოხმაურებები პოლიტიკურ სპექტრში

აშშ-ის პრეზიდენტთან და ვიცე-პრეზიდენტთან სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, ევროპელმა ლიდერებმა, ასევე კანადამ და გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინასა და ზელენსკის მხარდაჭერა გამოუცხადეს. განსხვავებული პოზიცია გამოხატა ტრამპის მოკავშირე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა. ვიქტორ ორბანმა ტრამპს მშვიდობის დაცვისთვის მადლობა გადაუხადა. თეთრ სახლში არშემდგარი მოლაპარაკებების შემდეგ კი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ტრამპს და ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა.

გაერთიანებული სამეფო ხვალ უკრაინის საკითხზე ლიდერების სამიტს მასპინძლობს, სადაც უკრაინის პრეზიდენტსაც ელოდებიან. ლონდონში ჩასვლას ასევე გეგმავენ იტალიის, გერმანიისა და პოლონეთის პირველი პირები, ასევე ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე. ევროპული ქვეყნებისა და აშშ-ის სამიტის გამართვის ინიციატივით გამოდის იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი.