ტრამპის წარმომადგენელი მოსკოვში 

ორი დღე ულტიმატუმის ვადის ამოწურვამდე – თუ 8 აგვისტომდე რუსეთი უკრაინაში ომის დასასრულებლად კონსტრუქციულ ნაბიჯებს არ გადადგამს, თეთრი სახლი კრემლს მძიმე მეორადი სანქციებით ემუქრება. მათ შორის განიხილება ტარიფების დაწესება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ნავთობს რუსეთისგან ყიდულობენ. როგორი იქნება დონალდ ტრამპის საბოლოო გადაწყვეტილება, ამას დიდწილად ამერიკელი მაღალჩინოსნის მოსკოვში ვიზიტი განსაზღვრავს. სტივ ვიტკოფი რუსეთის დედაქალაქში უკვე მეხუთედ ჩავიდა და ვლადიმერ პუტინს შეხვდა. რუსული მხარე გამართულ მოლაპარაკებებს კონსტრუქციულად აფასებს, კონსულტაციებს ცოტა ხნის წინ გამოეხმაურა დონალდ ტრამპი და განაცხადა, რომ შეხვედრაზე მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული. პარალელურად, დღეს შტატების პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა, განხილვის თემა რუსეთის უკრაინაზე თავდასხმები და სანქციები  იყო.