ტრამპის სამშვიდობო გეგმა – გამოხმაურება
უკრაინაში ადასტურებენ, რომ ამერიკისგან ომის დასრულების გეგმის პროექტი მიიღეს. ზელენსკი იმედოვნებს, რომ უახლოეს დღეებში პრეზიდენტ ტრამპთან არსებულ დიპლომატიურ შესაძლებლობებს განიხილავს. მანამდე კი – უკრაინულმა მედიამ, რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად დონალდ ტრამპის „სამშვიდობო გეგმის“ შინაარსი გამოაქვეყნა. გეგმა 28 პუნქტს მოიცავს, რომლის მიხედვითაც, რუსეთი მეზობელ ქვეყნებში არ შეიჭრება. უკრაინა კონსტიტუციაში ჩაწერს, რომ ნატო-ში არ შევა. ალიანსი უარს იტყვის გაფართოებაზე. აშშ-ის პრეზიდენტის „სამშვიდობო გეგმაში“ საუბარია ტერიტორიულ საკითხებზეც. კერძოდ, ოკუპირებული ყირიმი და ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონები, დე ფაქტო აღიარებული იქნებიან რუსულ რეგიონებად. ხერსონის და ზაპოროჟიეს რეგიონებში, საზღვარი ამ დროისთვის არსებულ ფრონტის ხაზზე დარჩება, უკრაინული ძალები კი – გავლენ დონეცკის ოლქის იმ ნაწილიდან, რომელსაც ისინი ამჟამად აკონტროლებენ. გეგმის მიხედვით, უკრაინა იღებს ვალდებულებას, ჩაატაროს არჩევნები 100 დღის განმავლობაში. პარალელურად, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ევროპელი ლიდერების ჯგუფი, სავარაუდოდ, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გეგმის განსხვავებულ ვერსიაზე მუშაობენ, რაც უკრაინისთვის მეტად სამართლიან პირობებს ითვალისწინებს, ვიდრე ეს ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებულ 28-პუნქტიან დოკუმენტშია გათვალისწინებული.