ტრამპის გეგმა - ზელენსკის გადაწყვეტილების მოლოდინში

რა გადაწყვეტილებას მიიღებს ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის პრეზიდენტს დრო 27 ნოემბრამდე აქვს. რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების ამერიკულ გეგმაში დარწმუნებულია შტატების ლიდერი. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ, ადრე თუ გვიან, უკრაინის პრეზიდენტს რაიმე წინადადებაზე დათანხმება მოუწევს. ეს განცხადება ტრამპმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მედიამ გაავრცელა უკრაინაში ომის შეწყვეტის 28-პუნქტიანი შეთავაზება, რომლის განხილვას უკრაინის პრეზიდენტი დათანხმდა.

ამ წინადადებაზე დღეს ევროპელი ლიდერებიც აპირებენ მსჯელობას. გეგმაში გაწერილი პუნქტების ნაწილი როგორც უკრაინის, ისე ევროკავშირის წევრი ქვეყნების შეშფოთებას იწვევს. პარალელურად, მოსკოვში დაადასტურეს, რომ აშშ-სგან გეგმის პროექტი მიიღეს, თუმცა, მათთან დოკუმენტის საგნობრივი განხილვა არ დაწყებულა. ამასთან, მედია კიევში მყოფი პენტაგონის დელეგაციის წევრების განცხადებებს ავრცელებს, რომელთა მიხედვითაც, შტატები გეგმაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანას არ აპირებს.