დონალდ ტრამპის მორიგი ხმაურიანი და მწვავე განცხადება. ხვალ საუდის არაბეთში დაგეგმილი მნიშვნელოვანი მოლაპარაკების წინ დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინა, შესაძლოა, ვერ გადარჩეს რუსეთთან ომში, მიუხედავად აშშ-ის მხრიდან გაწეული დახმარებისა. ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა Fox News-თან ინტერვიუში ისაუბრა, მინერალების შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით კი აღნიშნა, რომ, მისი აზრით, შეთანხმება გაფორმდება.
Fox News-ის წამყვანის კითხვაზე, ელოდება თუ არა ის ვოლოდიმირ ზელენსკის დაბრუნებას და მინერალების შესახებ შეთანხმების ხელმოწერას, დონალდ ტრამპმა უპასუხა: „დიახ, მე ასე ვფიქრობ“. მისივე თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ბაიდენის დროს ისე წაიღო ფული ამერიკიდან, როგორც ბავშვისგან კანფეტი“.
შეგახსენებთ, რომ მინერალების შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება ხვალ იგეგმება. რამდენიმე საათში უკრაინის დელეგაცია საუდის არაბეთში ჩაფრინდება, სადაც შეხვედრას ამერიკულ მხარესთან გამართავს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ის დღეს საუდის არაბეთში სამეფო პრინცს შეხვდება. ვიზიტის შემდეგ კი უკრაინის დელეგაცია დარჩება საუდის არაბეთში ამერიკელ პარტნიორებთან სამუშაოდ, თუმცა, შეხვედრას თავად ზელენსკი არ დაესწრება.