მსოფლიო ტრამპის და პუტინის კომუნიკაციის შედეგებს ელოდება.
თითქმის ორსაათიანი სატელეფონო საუბარი 15 წუთის წინ დასრულდა. რუსეთის პრეზიდენტთან დარეკვამდე აშშ-ის პირველი პირი ვოლოდიმერ ზელენსკის ესაუბრა. ახლა საინტერესოა, მოხერხდა თუ არა ლიდერების შეხვედრის თარიღის შეთანხმება და მოჰყვება თუ არა სატელეფონო კონტაქტს რაიმე პროგრესი. ფაქტია, რომ თურქეთის შუამავლობით სტამბოლში გამართულმა პირდაპირმა მოლაპარაკებამ პოზიციები დაახლოების ნაცვლად კიდევ უფრო დააშორა. ვითარების სირთულეს ოფიციალური ვაშინგტონიც აღიარებს. მიუხედავად იმისა, რომ სამი წლის შემდეგ რუსეთის და უკრაინის წარმომადგენლები პარასკევს ერთმანეთის პირისპირ პირველად დასხდნენ, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი მოლაპარაკებას ჩიხში შესულად აცხადებს და შუამავლობის პროცესიდან ამერიკის შესაძლო გასვლაზე მიანიშნებს. როგორ ესახებათ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტა და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარება – ოფიციალური კიევისთვის რუსეთის მხრიდან პარასკევს წაყენებული მოთხოვნები კატეგორიულად მიუღებელია. 16 მაისის შეხვედრამ უკრაინული მხარე დაარწმუნა, რომ რუსეთს ომის დასრულება და მშვიდობის მიღწევა არ სურს.