ტრამპი-პუტინის დაანონსებული შეხვედრა

უკრაინაში ომის დასასრულებლად რუსეთისთვის დაწესებული 10-დღიანი ულტიმატუმის ვადის ამოწურვამდე, ერთი დღით ადრე ცნობილი ხდება, რომ დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი უახლოეს დღეებში შეხვდებიან. კრემლში ინფორმაციას ადასტურებენ. კონკრეტული ადგილი ჯერ უცნობია, თუმცა რუსეთის მმართველ წრეებში უკვე ამბობენ, რომ შეხვედრა შესაძლოა ისტორიული აღმოჩნდეს. თუ პუტინის მრჩევლის განცხადებას დავეყრდნობით კრემლმა ვაშინგტონისგან საკმაოდ ხელსაყრელი წინადადება მიიღო. ამასთან ტრამპი პუტინთან შეხვედრას იმ შემთხვევაში გეგმავს თუ რუსეთის ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. რაც შეეხება შეთავაზებას, მის შინაარსზე ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს, საიდანაც ირკვევა, რომ საუბარია უკრაინასთან ზავის გამოცხადებაზე, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის განხილვის ხანგრძლივი ვადით გადადებასა და რუსეთისთვის დაწესებული სანქციების უმეტესობის გაუქმებაზე. თავის მხრივ უკრაინის პრეზიდენტი ითხოვს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართული იყოს ევროპაც.