თითქმის რვა საათის განმავლობაში მიმდინარეობდა "ხორავას ქუჩის საქმეზე" არასრულწლოვნების გამოკითხვა

თითქმის რვა საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე სამი არასრულწლოვანის გამოკითხვა. ეს მოწმეები, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების ინფორმაციით, უშუალოდ შემთხვევის ადგილზე არ ფიქსირდებიან, თუმცა, მათ გარკვეული ინფორმაციები აქვთ სხვა არასრულწლოვნებისგან. გამოკითხვის დეტალებზე კომისიის წევრები არც ამჯერად საუბრობენ.

კომისიის ოპოზიციონერი წევრების განცხადებით, დღეს გამოკითხულმა მოწმეებმა მათ მიაწოდეს ახალი ინფორმაციები იმ გარემოებებთან დაკავშირებითაც, რაზეც კომისიის წევრებმა ორი დღის წინ გააკეთეს სპეციალური განცხადება. ამ განცხადების მიხედვით კი, კომისიის წევრების ცნობით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში არასრულწლოვნების გამოკითხვების შედეგად, გამოვლენილია ახალი გარემოებები, რაზეც მათ გამოძიებასაც შეატყობინეს. თუმცა, კონკრეტულად, რომელ ფიგურანტს უკავშირდება ეს ახალი გარემოებები, ოფიციალურად და საჯაროდ კომისიის წევრები ამაზე ჯერ არ საუბრობენ.