ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტი  

ბექა ვარდოსანიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დილიდან გამოკითხვაზე იმყოფება. „კონსერვატიული მოძრაობისა“ და „ალტ-ინფოს“ წევრი უწყებაში ადვოკატთან ერთად არის. ის დილით კონტრტერორისტული დეპარტამენტის თანამშრომლებმა სახლიდან აიყვანეს, საიდანაც ასევე ამოღებულია ადგილზე არსებული კომპიუტერული ტექნიკა.

ვარდოსანიძე ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინებით იკითხება. გამოძიების ინფორმაციით, მის სარგებლობაში არსებული ელექტრონული ფოსტიდან სხვადასხვა უწყებაში გაიგზავნა ტერორისტული მუქარის შემცველი წერილები, რაც კონკრეტულ ლოკაციებზე მოსალოდნელ აფეთქებებს ეხებოდა. ვარდოსანიძის ბინიდან ამოღებულ ტექნიკაზე ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს. მომხდარზე გამოძიება 331-ე მუხლით გრძელდება.