ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით დაკავებულ პირებს პატიმრობა შეეფარდათ

12:11, 26.09.2026

ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით დაკავებულ პირებს პატიმრობა შეეფარდათ, პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში გვიან ღამემდე გაგრძელდა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პირები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე დააკავეს.

სპეციალური ღონისძიება გარდაბნისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში ჩატარდა. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები გაერთიანდნენ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“, ორგანიზაციის ლიდერის წინაშე დადეს ერთგულების ფიცი, ე.წ. ბაიათი და მის მიმართ გამოხატეს უპირობო მორჩილება.

დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის ერთგულების ფიცის – „ბაიათის“ ხელნაწერი ტექსტი, ბეჭედი ისლამური წარწერით, სხვადასხვა სახის ვაზნები, ხელყუმბარა, კაფსულ/დეტონატორი და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები. დანაშაული სასჯელის სახით 10-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი