ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა, დღეს თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახთან ერთად, პრესკონფერენცია გამართა, სადაც მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არსებული სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი საქმის მასალების შესახებ ისაუბრეს.
საქმის საიდუმლო მასალები ორგანიზაციას 10 იანვარს გადაეცა, მაშინ, როდესაც „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღდეგ“ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ საქმის არსებითი განხილვა დაიწყო და საქართველოს მთავრობას საქმის მასალების სრული გაზიარება მოსთხოვა.
იემსის შეფასებით, საგამოძიებო ორგანოს მიერ სროლის განმახორციელებელი და ადგილზე მყოფ სხვა სპეცრაზმელთა გამოკითხვა დაგვიანებით და ფორმალურად ჩატარდა. ასევე, მათ მიმართ არ არის დასმული საქმეზე სიმართლის დასადგენად მნიშვნელოვანი და კრიტიკული კითხვები, არ არის დაზუსტებული შემდეგი გარემოებები. ამიტომ ორგანიზაცია ითხოვს, ხელახლა დაიკითხონ ის სპეცრაზმელები, რომელთან დაკავშირებითაც, საიდუმლო მასალების გაცნობის შემდეგ, კითხები გაჩნდა. ასევე, მათი მოთხოვნაა, სპეცრაზმელების ხელახალი ჩვენებების საფუძველზე, ჩატარდეს საგამოძიებო ექსპერიმენტი.