ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პარტნიორთა კრება

ოთხ საათს გაგრძელდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პარტნიორთა კრება. შეხვედრა ტელეკომპანიის ცხრაპროცენტიანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის მოწვევით გაიმართა, რომელიც ტელევიზიის ფინანსურ და იურიდიულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით დავობს. მისმა ადვოკატმა კრების დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ნიჟარაძეს ექნება წვდომა ფინანსურ დოკუმენტაციაზე, ასევე, შეირჩევა უცხოური აუდიტორული კომპანია, რომელიც ამ დოკუმენტაციას შეისწავლის, შემდგომ სამართლებრივ ნაბიჯებს კი უკვე ამ დასკვნის გაცნობის შემდეგ დაგეგმავენ.

„რუსთავი 2“-ის იურისტი კი აცხადებს, რომ ნიჟარაძეს ფინანსურ და იურიდიულ დოკუმენტაციაზე არასდროს ჰქონია შეზღუდვა და სასამართლოში სარჩელის გარეშეც ის გადაწყვეტილება მიიღებოდა, რაც პარტნიორთა დღევანდელ კრებაზე.