ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე, გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს აქვეყნებს და სააპელაციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის განხილვის დასრულების შემდეგ, საქმის დეტალებზე საუბრობს.
შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. ადვოკატის განცხადებით – ერთის მხრივ, სააპელაციო განხილვის ეტაპზე, კიდევ უფრო თვალსაჩინო და აშკარა გახდა დაზარალებული ბიძინა ივანიშვილის სიმართლე, მისი პოზიციის სისწორე, ხოლო მეორეს მხრივ, კიდევ უფრო გაცხადდა მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტი.
„ბაჩიაშვილის მთავარ არგუმენტს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ მის მიერ ბიტკოინების მაინინგის დაფინანსების მიზნით მიღებული კრედიტის დაფარვის შემდგომ, მან ბანკის ადმინისტრატორს ნაღდი ფულის სახით დამატებით გადასცა ის სარგებელი/ინტერესი, რაც მასთან შეათანხმა კრედიტის გაცემის დროს. სააპელაციო განხილვის ეტაპზე ბაჩიაშვილის დაკითხვისას კითხვაზე, კრედიტის დაფარვის შემდგომ გადასცა თუ არა მან ვინმეს ნაღდი ფული, ჰქონდა თუ არა მას საუბარი ბანკის წარმომადგენელთან ბანკისთვის დამატებით სარგებელზე, მან უპასუხა რომ არა, მას არავისთან ჰქონია მსგავსი შეთანხმება და შესაბამისად, არც არავისთვის გადაუცია ნაღდი თანხა! თუ განმარტებები. აღნიშნული ქმედებით, იგი წინააღმდეგობაში მოვიდა საკუთარ თავთან.
აქვე ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ სააპელაციო საჩივარში იგი მათ შორის ასაჩივრებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც მას უარი ეთქვა მისი ჩვენებების გამოქვეყნებაზე. სააპელაციო განხილვის ეტაპზე კი, ფაქტობრივად, უარყო როგორც სააპელაციო სარჩელის აღნიშნული მოთხოვნა, ასევე მანამდე მიცემული მისი შესაბამისი ჩვენებები არსებით პოზიციასთან, რომელსაც ეყრდნობოდა დაცვა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ამ ვითარებაში ცხადია, რომ მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილის ნებისმიერი განმარტება, თუ პოზიცია სრულად მოკლებულია სანდოობას და წარმოადგენს სიცრუეს,“ – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადებაში.