თეა წულუკიანი ფატუ ბენსუდას შეხვდა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ჰააგის სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდას შეხვდა. ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი სახელმწიფოების ასამბლეის რიგით მე-18 სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, იუსტიციის მინისტრმა რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობა, რომელიც ომის დროს ეთნიკური წმენდის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი და ომის დანაშაულების მსხვერპლი გახდა, გამოძიებიდან ელოდება კონკრეტულ შედეგებს, რათა აღსრულდეს მართლმსაჯულება.

როგორც შეხვედრაზე პროკურორმა ფატუ ბენსუდამ განაცხადა, რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე გამოძიება აქტიურ ფაზაშია და მისი, როგორც ჰააგის სასამართლოს პროკურორის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე, არ არის გამორიცხული, რომ აღნიშნულ საქმეზე კონკრეტული შედეგები დადგეს.

ფატუ ბენსუდას უფლებამოსილების ვადა 2020 წლის ბოლოს ეწურება. პროკურორ ბენსუდასთან შეხვედრამდე, თეა წულუკიანი ჰააგის სასამართლოს წევრი სახელმწიფოების ასამბლეის თავმჯდომარეს ო-გონ კვონს შეხვდა. მხარეებმა ასამბლეის საქმიანობაში საქართველოს მონაწილეობაზე და ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ საქართველოდან კანდიდატურის წარდგენაზე ისაუბრეს.