თავდასხმა ცხრამუხას დედათა მონასტერზე

სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების მუხლებით დააკავეს ორი პირი, რომლებსაც სოფელ ცხრამუხას დედათა მონასტერში ჩადენილ დანაშაულს ედავებიან. 27 და 39 წლის მამაკაცები პოლიციამ ცხელ კვალზე აიყვანა. შემთხვევა ხაშურის მუნიციპალიტეტში წუხელ, გვიან ღამით მოხდა.

ფიზიკური დაზიანებით სამების ტაძრის მონაზონი ჯერ ხაშურის საავადმყოფოში მოათავსეს, შემდეგ კი თბილისში გადმოიყვანეს. 70 წლამდე ქალს სხვადასხვა მძიმე დაზიანება აქვს მიყენებული, მათ შორის სახის არეში.

დილიდან მოსახლეობა ჯერ სოფელში, შემდეგ კი სამედიცინო დაწესებულებასთან შეიკრიბა. ადგილობრივებმა დამნაშავეების უმკაცრესად დასჯა მოითხოვეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე და 137-ე მუხლის მესამე ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 13 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.