თამაზ ელიზბარაშვილის საქმე
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს, აღკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. სხდომას თავად ელიზბარაშვილიც ესწრებოდა, რომელიც სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის ფაქტზეა ბრალდებული. დაცვის მხარე ბრალდებულის აღკვეთი ღონისიების გარეშე დატოვებას ითხოვდა და სასამართლოს, ალტერნატივის სახით, 20 000-ლარიან გირაოს სთავაზობდა. ბრალდების მხარე კი ელიზბარაშვილისთვის, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა.
საქართველოს პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს მუქარის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 30 აგვისტოს თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ელიზბარაშვილსა და დაზარალებულს შორის, სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტართან დაკავშირებით, სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა. უწყების ცნობით, ელიზბარაშვილი დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა, მოგვიანებით კი, მუქარის აღსრულების მიზნით, შეიარაღებული დაბრუნდა ადგილზე და რესტორანში შეჭრას ცდილობდა. პროკურატურის განცხადებით, 31 აგვისტოს ბრალდებულმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვაც გამოაქვეყნა, სადაც მუქარას განაგრძობდა.